ვიახლოვდება 8 მარტი, ქალებისთვის ყვავილების და საჩუქრების დღედ სრულიად არასწორად მონიშნული, ნამდვილ შინაარსს მოკლებული თარიღი. გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებელი სამხედრო აგრესიის შემდეგ, ჩვენს ეროვნულ კონტექსტში, ეს თარიღი კვლავ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გლობალური თუ ლოკალური თვალსაზრისით, ქალებს ყოველწლიურად ახალ-ახალ გამოწვევებთან გვიწევს ბრძოლა. საქართველოში დღეს დემოკრატია და შესაბამისად, ქალთა უფლებები იმდენად დიდ კრიზისშია, ჩვენი უახლესი ისტორიიდან მსგავსის მაგალითად მოყვანაც კი გაგვიჭირდება. რთულად დასაჯერებელი, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტი მსჯელობს ისეთ აბსურდულ კანონპროექტზე, როგორიც არის კანონი „უცხოელი აგენტების გავლენის შესახებ“, რომლის ცალსახა მიზანიც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების გაუქმებაა. კანონპროექტზე, რომელიც აშორებს საქართველოს ევროკავშირს და მთელ დასავლურ სამყაროს სწორედ მაშინ, როცა ასე ახლოს არასდროს ყოფილა მასთან, მეტიც, რუსულ ორბიტაზე უპირებს დაბრუნებას, რაც თავისთავად აღარ ტოვებს სივრცეს და შესაძლებლობას ქალთა უფლებების თუ სხვა ჯგუფების დასაცავად და დასახმარებლად. როგორც ამ დღის ისტორია, ისე არსებული რეალობა, იმდენად მძიმეა, თავისთავად აღარ რჩება ადგილი ყვავილებისა და ბრჭყვიალა საჩუქრებისთვის, ზეიმებისა და შუშხუნებისთვის. 1911 წელს ნიუ-იორკის საფეიქრო ქარხანაში მომხდარმა ხანძარმა 150 მდე ქალის სიცოცხლე შეიწირა. მოძრაობა მშრომელთა უფლებებისთვის ამ შემაძრწუნებელი ფაქტის შემდეგ გასაკუთრებით აქტუალური და ცნობილი გახდა, თუმცა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე 1910 წელს სოციალისტი უფლებადამცველის კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა. როცა ფემინისტები 8 მარტს ახალ მოთხოვნებს ვაყენებთ, ფაქტს ირონიით უყურებენ და ცდილობენ ჩვენი ბრაზის დემონიზებას, მის გამოცხადებას არასერიოზულად და არარელევანტურად, ქალების დარწმუნებას იმაში, რომ უფლებები უკვე გვებოძა, მოსათხოვი აღარაფერია და ჩვენი მხრიდან პროტესტების დაუსრულებელი ციკლი მხოლოდ ჭირვეულობაა. მოცემულობა კი ისაა, რომ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა კვლავ ფართოდ შეწყნარებული და ნორმალიზებულია. გვაქვს ფემიციდის, ქალთა მკვლელობათა სავალალო სტატისტიკა, გაუპატიურების კულტურა, რომელიც ასევე აუღიარებელი გამოხატულებაა გენდერული ძალადობისა. ხშირად ცდილობენ ხოლმე მის გამოცხადებას არა მასობრივ, კულტურულ და გენდერულ, არამედ ერთეულთა პრობლემად და დანაშაულად. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპულ შეხედულებათა სისტემა, თავის მხრივ, დამატებითი უხილავი ბარიერია მსხვერპლისთვის – მიმართოს მართლმსაჯულებას, სადაც არანაკლებ ხშირადაა ჩასაფრებული მისი ხელახალი ტრამვირების რისკი, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მხრივ მოუწესრიგებელ კანონმდებლობაზე, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტებსა და ნორმებთან. გამუდმებული მცდელობა ქალთა ჩაგვრის ინდივიდუალურ ძალადობად წარმოჩენისა მიმართულია იმისკენ, რომ წაშალოს და დღის წესრიგიდან სრულად გამოაძევოს მისი ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული თუ ეკონომიკური მიზეზები. პატრიარქალურ კულტურაში, სადაც სისტემა არამგრძნობიარეა ქალთა პრობლემების მიმართ, ჩვენს რეალობაში მთლიანად რიყავს ჯანდაცვის სისტემიდან სოციალურად დაუცველ ქალებს, რომელთა დიდ ნაწილსაც მარტოხელა დედები შეადგენენ. ის არ აძლევს მათ წვდომას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მთელ რიგ სერვისებზე, განათლებასა და დასაქმებაზე, რაც განპირობებულია ასეთივე მოუქნელი და მოუხელთებელი, არაადეკვატური სოციალური, შრომის და ჯანდაცვის სიტემით. ეს არის უმთავრესი მიზეზი, რაც აიძულებს ქალებს, გამუდმებით ეჭიროთ თვალი ემიგრაციისკენ, როგორც მარადიული ეკონომიკური სიდუხჭირის, უიმედობის და უპერსპექტივობის დაძლევის ლამის უალტერნატივო გზისკენ.. სოფლად მცხოვრები ქალებიც, ასევე მუდმივად მოკლებული ყველა ზემოჩამოთვლილ სიკეთეებს, ემიგრაციაში ეძებენ გამოსავალს, თუმცა ბევრი მათგანი მანამდე ცდილობს დიდ ქალაქებში იპოვოს ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობა. აბსოლუტურად არატოლერანტული, უგრძნობი სისტემა მათ მალევე უცრუებს იმედებს, მაგალითისთვის ცალსახად ფემინიზებული გარევაჭრობის სექტორზე ნადირობაც იკმარებს სახელმწიფოს მხრიდან. მთელ ამ პრობლემათა და გამოწვევათა ჯაჭვს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებიც ეჯახებიან, რაც ასევე აუცილებლად ცალკე უნდა ითქვას და აღინიშნოს. ზემოთ ნახსენებს, კოვიდ-19 ის პანდემიაც დაერთო, რომელმაც კიდევ უფრო მძიმედ გადაიარა ქალებზე. მათმა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, შინ შრომამ და ოჯახში ძალადობამ იმატა. ქალებს ერთდროულად უწევდათ, როგორც დისტანციური განათლებისა და მუშაობის მოდელზე გადასვლა, ისე აბსოლუტურად გაუნაწილებელ შინ შრომასთან გამკლავება, რაც ასევე შეუმჩნეველი, აუნაზღაურებადი და აუღიარებელი ფორმაა ქალთა ჩაგვრისა. სახელმწიფომ ალბათ გვახსოვს რამდენად სუსტი და არაეფექტური პასუხიც გასცა მთელ ამ გამოწვევებს. აუცილებლად მინდა შევახსენო მკითხველს საპარლამენტო კვოტირების შესახებ დისკუსიის განახლება და მასთან დაკავშირებული საყოველთაო მღელვარება. მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ყველაზე ყბადაღებული არგუმენტი იყო ის, რომ კვოტა ქალებს შეურაცხყოფდა, თუმცა შეურაცხყოფის ფორმად არავის უხსენებია 36%-იანი სახელფასო სხვაობა და/ან ჩაგვრისა და დისკრიმინაციის თხემით ტერფამდე გამჯდარი სხვა პრაქტიკები. თანასწორობისკენ, სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა შეუძლებელია იქამდე, ვიდრე ქალებს და ქალთა პრობლემებს მუდმივად ვრიყავთ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან, რადგან ეს კოლექტიური იდეაა და შეუძლებელია მისი ფრაგმენტულად მიღწევა. და ბოლოს, როგორც ფემინისტური ბიბლიის ავტორი (მეორე სქესი), სიმონ დე ბოვუარი იტყოდა, მიღწეული უფლებები საბოლოო და გარანტირებული არ არის და საჭიროა მუდმივი ბრძოლა როგორც მათი შენარჩუნების, ისე სრულყოფისთვის. დღეს კი ვართ ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეალობის წინაშე, როცა ხელისუფლება ერთი ხელის მოსმით, რუსული კანონის ანალოგით ცდილობს გააცამტვეროს აქამდე მიღწეული პროგრესი და ქალების უკეთესი ცხოვრების სამომავლო პერსპექტივაც სამუდამოდ ჩაკლას. ჩვენ თავისთავად არ ვაპირებთ უბრძოლველად მივიღოთ თავსმოხვეული, ახალი მასკულინური ახირება, რომელიც ჰარმონიზირებულია მტრული ძალის ღირებულებებსა და კანონმდებლობასთან ქალები მუდმივად ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი თემის, არამედ სრულიად საზოგადოების უკეთესი დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის. ქალთა ბრძოლა არასდროს ყოფილა ბრძოლა მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობისთვის. პატრიარქალური დღის წესრიგი მხოლოდ ქალებს არ აზარალებთ. კანონპროექტიც სრულიად საზოგადოებისთვის არის საფრთხისშემცველი! მედგარი ბრძოლა ამ კანონპროექტის უკუგდებისთვის საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდია ქალების მონაწილეობის და თანაბარი ჩართულობის მნიშვნელობა პოლიტიკაში. ქალებო, წინ და წინ მტკიცე ნაბიჯებით თანასწორობისკენ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *