ომი არ არის მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ: ბომბებს, აფეთქებულ შენობებს,
მიტოვებულ და მიწასთან გასწორებულ სახლებს, ნაწილებად მიმოფანტულ
ცხედრებს, ლტოლვილთა უშველებელ რიგებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების
საზღვრებთან, პატარა პარკებით და ან სულაც ცარიელი ხელებით, გრძელ გზაზე
მიმავალ ადამიანებს. ომს წესები არ აქვს, თუ არ ჩავთვლით საერთშორისო
ჰუმანიტარულ სამართალს,რომელიც რუსეთს სრულებით არ აინტერესებს და
არც იცავს.
რუსეთის უკრაინაში ყოვლადგაუმართლებელ შეჭრას თან სდევს მასობრივი
გაუპატიურებები, სექსუალური შევიწროვება, ქალების ჩაგვრა, ფემიციდი.
რუსეთის მხრიდან ძალების ნელ-ნელმა კარგვამ ომში ახალი „იარაღის“ გამოყენება
წაახალისა. არასაკმარისი სამხედრო ტექნიკა და ადამიანური რესურსი,
არსებულის დაკარგვა და უმწეო მდგომარეობაში რუსული მხარის აღმოჩენამ ომი
რადიკალურად სასტიკი გზით, მასობრივი გენოციდისა და ომის სასტიკი
დანაშაულებისკენ წაიყვანა.
ამ დრომდე გაუპატიურების და სექსუალური ჩაგვრის სტატისტიკაზე საუბარი
ნაადრევია. თუმცა სტატისტიკის არსებობა, თავის მხრივ რეალობას ვერ შეცვლის.
ასეთია ომის მასკულინური შინაარსი: ქალების განსაკუთრებულ მოწყვლადობაში
ჩაყენება. მაგალითისთვის:
• უქმროდ/უპარტნიოროდ დარჩენილ ქალებს უწევთ ოჯახის ზრუნვაზე
სრული პასუხისმგებლობის აღება. შვილებისა და ოჯახის სხვა წევრების
უსაფრთხოებაზე სრული ზრუნვა. ომისგან გაქცევის მენეჯმენტი.
• ქალებს არ შუძლიათ მიატოვონ ომში დაჭრილი პარტნიორები, მამები,
ძმები, ნათესავები, რომლებიც მოვლას საჭიროებენ. შესაბამისად,
მცირდება მათი გადარჩენის შანსი.
• იძულებითი მიგრირების ვალდებულება უჩნდებათ მცირეწლოვანი
ბავშვების დედებს.
• იძულებით მიგრირებული ქალები დამატებით მოწყვლადობას განიცდიან
მიმღებ ქვეყნებშიც, ვინაიდან ისინი უმეტესად შემოსავლისა და საჭმლის
გარეშე რჩებიან მიმღებ ქვეყნებში და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა
მიმღები ქვეყანა მათთვის საცხოვრებელს ან კვებას უზრუნველყოფდეს,
ადამიანთა გარკვეული ჯგუფებიდან არის მცდელობები ქალები
პროსტიტუციაში ჩართონ და მათი მდგომარეობის გამოყენებით ფული
მარტივად იშოვონ. ამ კონტექსტში აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას
უკრაინელი ქალების სექსუალიზებას ეთნიკური ნიშნით, რაც მეტად
ართულებს მდგომარეობას. მაგალითად, ჯული ბინდელის მიერ
გამოქვეყნებული სტატიის „როგორ იტანჯებიან უკრაინელი ქალები“,
მოხსენიებულია რამდენიმე ფაქტი გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილი
ქალების ორგანზიებული დაჯგუფების მიერ გატაცების შესახებ, ქალების
პროსტიტუციაში იძულებითი ჩართვის მიზნით.

2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, უკრაინაში
მცხოვრები ქალების 75%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია
ძალადობის ერთ-ერთი ფორმა მაინც, 15 წლის ასაკიდან. ყოველი მესამე
ქალი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის სმხვერპლია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო განცხადების მიხედვით,
იძულებითი გადაადგილებული უკრაინელი ქალების მოწყვლადობა
მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისინი სექსუალური და ფიზიკური
ძალადობის, ჩაგვრის რისკის ქვეშ დააყენა.
• ორსული ქალები განსაკუთრებულ მოწყვლადობაში რჩებიან. მათთვის
კვლავ მიუწვდომელი რჩება ჯანდაცვისა და რეპროდუქციული სერვისები.
ქალებს მშობიარობა ანტისანიტარულ სივრცეებში, სარდაფებში უწევთ.
ზოგი დამოუკიდებლად მშობიარობს (ექიმის ონლაინ კონსულტაციით),
რაც მათი ჯანმრთელობის რისკებს ზრდის. გაზრდილია რუსული აგრესია
სამშობიარო სახლებისა და მშობიარე ქალების მიმართ. შეგახსენებთ, რომ
12 მარტს მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვას 9 თვის ორსული
ქალის სიცოცხლე შეეწირა.
• განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან გოგონები და ქალები, რადგან
რუსული მხარე აქტიურად ეწევა ქალების სექსუალურ შევიწროებას და
საქმე გაუპატიურების უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვაქვს.
როგორც ოლგა ტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აცხადებს, რუსი
ჯარისკაცები უკრაინელ ქალებს საათების განმავლობაში აუპატიურებენ და
შემდეგ კლავენ. რუსულ სისასტიკეს ვერ გადაურჩნენ ვერც არასრულწლოვნები
და ბავშვები. უკრაინული მხარის განცხადებით, ადგილი აქვს ბავშვთა და
არასრულწლოვნების გაუპატიურებას, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ამ ნაწილშიც
უცნობია. მასობრივი გაუპატიურების და ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლად
იქცნენ მოხუცი ქალებიც, რომლებიც ვერ ახერხებენ ქალაქებისა და სოფლების
დატოვებას. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ქალაქი მარიუპოლია, სადაც
გაუპატიურების შედეგად ადგილი ჰქონდა მსხვერპლთა სუიციდს.
უკრაინელი, რადას დეპუტატმა ლესია ვალისენკომ ვეტმინსტერში ვიზიტისას,
ჟურნალისტებთან განაცხადა: „პუტინის არმია პასუხსიმგებელია ომის
დანაშაულებებისა და ადამიანის უფლებების მიმართულ დანაშაულებებში. ისინი
ყველა მოწყვლადი ჯგუფის წინააღმდეგ არიან. მათი სტრატეგია სპეციფიკურად
ქალებისა და ბავშვებისკენაა მიმართული“. „ჩვენ გვაქვს ცნობები ქალების
ჯგუფური გაუპატიურების შესახებ, როგორც წესი, ეს ქალები არიან, ვინც ვერ
ახერხებს ქალაქებიდან გამოსვლას. საუბარია ხანდაზმულებზე. ამ ქალების
უმეტესობა ან სიკვდილით დასაჯეს გაუპატიურების დანაშაულის შემდეგ, ან
მათი სიცოცხლე ამ გზით გაანადგურეს“.
როდესაც ვსაუბრობთ გაუპატიურებასა და სექსუალურ ჩაგვრაზე, როგორც ომის
იარაღზე, საგულისხმოა ვახსენოთ, რომ ნაციონალური პარადგმიდან ქალი
სიწმინდის, პატიოსნებისა და ღირსების სიმბოლოა. ქალი, როგორც

რეპროდუქტოლოგი, ერის შემნახველი და გადამრჩენელი, მნიშვნელოვანი
ფიგურაა. ნაციისთვის, ისევე როგორც მაკრო დონეზე ოჯახისთვის, ქალი
„ღირსების სიმბოლოა“. ქალები წარმოადგენენ ერის ბიოლოგიური და
კულტურული რეპროდუქციის რესურსს, როგორც ”სუფთა” და ”მოკრძალებული”,
ხოლო კაცები იცავენ ეროვნულ იმიჯს და ერის ტერიტორიას, ქალის
”სისუფთავეს”,”მოკრძალებას” და ”ზნეობრივი კოდექსს”. ქალი
რეპროდუქტოლოგია, მამაკაცი – მისი დამცველი. გაუპატიურება, როგორც იარაღი
ომში, მიმართულია უკრაინული ნაციონალიზმის გაღიზიანებაზე, ქალების,
როგორც დედების წაბილწვაზე, უკრაინული პატიოსნების და ღირსების
შელახვაზე.

გაუპატიურების უპრეცენდენტო შემთხვევების პარალელურად, გრძელდება
უკრაინელი ქალების სექსუალიზება. ბრიტანული გამოცემა Unherd-ის მიხედვით,
მსოფლიოში ყველაზე დიდ პორნოსაიტზე „პორნო ჰაბი“ (რომელსაც გასულ წელს
45 ბილიონზე მეტი წლიური ნახვა ჰქონდა), ვებსაიტზე ახალი კატეგორია
„უკრაინელი გოგოები და ომში გაუპატიურების ვიდეოები“ გაჩნდა, რომელიც
რუსი ჯარისკაცების მიერ ბრუტალური გაუპატიურების ვიდეომასალას მოიცავს.
აღნიშნული კატეგორია მალევე იქნა წაშლილი ვებგვერდის მიერ, თუმცა ომის
კვალდაკვალ, უკრაინელი გოგოები საიტის საძიებო ველში კვლავ ყველაზე
ხშირად მოძებნადად რჩებიან. სამწუხაროდ, ომის მსხვერპლთა ფეტიშირება
ახალი არ არის.
ამ მოცემულობაში, სამწუხაროდ, არ არსებობს გადარჩენის ზუსტი ფორმულა
უკრაინელი ქალებისთვის. დარჩენა ომია და წასვლაც ახალი ომის დასაწყისი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *